English / ქართული /








Journal number 4 ∘ David Nizharadze
Fundamental Concepts and Models of Innovation Management

The article discusses about the fundamental concepts of innovative management, it’s types, theoretical and practical significance. Based on different scientists’ points of views, examples of companies, the statistical analysis is assessed features of the innovative process management, dynamics of the state’s financial support, and modern models of innovation management and in the conclusion there is presented the purpose of innovative mmanagement for innovative firms to achieve competitive advantage in local or international markets.

Keywords: Innovation; Innovation management; Static Models of Innovation Management; Dynamic Models of Innovation Management.

JEL Codes: O30, O31, O32

ინოვაციების მართვის თავისებურებები თანამედროვე ბიზნესში

თანამედროვე ბიზნეს-სივრცეში, ინოვაციური მენეჯმენტი შედარებით ახალ და კრიტიკულ ასპექტს, კომპანიებისთვის კი წინსვლის და კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთ ძირითად ბერკეტს წარმოადგენს. ისევე, როგორც უახლესი ტექნოლოგიების შემცველი პროდუქტების სწრაფად განვითარებადი ნაკადები, ასევე, ბიზნეს-პროცესებისადამი კრეატიული მიდგომები ფირმებს მნიშვნელოვნად ეხმარება, რათა გახდნენ უფრო ეფექტიანები ადგილობრივ თუ სერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, მსოფლიო კლასის კომპანიები სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის და ბიზნეს-გარემოში სწრაფი ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ, ცდილობენ შეიმუშავონ ინოვაციური პროცესების მართვის მაღალი ეკონომიკური ღირებულების მომტანი მოდელები, რადგან საბაზრო ეკონომიკის პირობებში საიხლეთა დანერგვის ძველი მექანიზმები უკვე არ მუშაობს. ეს თავისთავად მოითხოვს თანამშრომლებისთვის სრულიად ახალი უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების შეძენას, რათა მოხდეს ამ სწრაფ და მუდმივ ცვლილებებთან ადაპტაცია. განვითარებული ქვეყნების მხრიდან კი, ყოველწლიურად იზრდება ბიზეს-სექტორში კვლევისა და განვითარების მიმართულებით გახორციელებული ინვესტიციები.

საკვანძო სიტყვები: ინოვაცია; ინოვაციური მენეჯმენტი; ინოვაციების მართვის სტატიკური მოდელები; ინოვაციების მართვის დინამიკური მოდელები.

ინოვაციური მენეჯმენტის მნიშვნელობა

თანამედროვე ბიზნესი წარმოუდგენელია ინოვაციური კონკურენციის, ახალი ტექნოლოგიების შემცველი პროდუქციის შექმნისა და ახალ ბაზრებზე წარდგენის გარეშე. ნებისმიერი კომპანია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე, სწორედ ისეთი კრეატიული იდეებით უნდა გამოვიდეს, როგორსაც მანადე არ ჰქონია ადგილი, ეს ფაქტობრივად ბიზნესის მართვის თანამედროვე პარადიგმას წარმოადგენს [15]. მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისთვის ინოვაციური მენეჯმენტი, ფაქტობრივად, არის სამომავლო პერსპექტივა და გააჩნია შემოქმედებითი და წარმოსახვითი ხასიათი, რადგან ბაზარი უკვე საკმაოდ გაჯერებულია, ყველა სტრატეგია კი - კარგად აპრობირებული.

ინოვაცია შეიძლება განიმარტოს როგორც გამოგონებას დამატებული კომერციალიზაცია, შესაბამისად, თუ სიახლეს თან არ ახლავს კომერციული წარმატება, არ შეძლება ჩაითვალოს ინოვაციად [7, გვ.4]. სხვა კალისკური განმარტებით, ინოვაცია განისაზღვრება როგორც ახალი ინვაციური იდეების განხორციელება პროდუქციის, პროცესების, მომსახურების, სამუშაოების ორგანიზაციის, მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით [5, გვ. 4].

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინოვაციაში ვგულისხმობთ გამოკვეთილად ახალ საგანს ან პროცესს, რომლის დანერგვა ინოვაციური პროცესების მოქმედებათა შედეგია. სამეწარმეო სფეროში ინოვაციების ათვისება ბაზარზე არსებული მოთხოვნილებების ახალი პროდუქციით ან მომსახურების დაკმაყოფილებას ნიშნავს, ან არსებული ნაწარმის (სერვისის) ახალი წესით წარმოებას.

პროცესული თვალსაზრისით, ინოვაციის ცნება შემდეგნაირად შეიძლება განიმარტოს: ინოვაცია, ისეთი საზოგადოებრივ-ტექნიკურ-ეკონომიკური პროცესია, რაც იდეებისა და გამოგონებების პრაქტიკული გამოყენების შედეგად, უზრუნველყოფს უკეთესი თვისებების მქონე ნაწარმის ან პროცესების დამკვიდრებას. ინოვაცია ქმნის სამუშაო ადგილებს, ამაღლებს ცხოვრების დონეს, ზრდის დოვლათს. ვრცელდება რა ფართოდ ეკონომიკასა და საზოგადოებაში, ინოვაცია წინაპირობაა, როგორც არსებული ცოდნის და ტექნოლოგიების საყოველთაოდ გავრცელების, ასევე ახლის გენერირებისთვის.

ინოვაციური პროცესების ხასიათში გარკვევა მის სისტემატიზებას და შესაბამისი ცნებების შემოტანას მოითხოვს. ე.წ. ‘’სრულყოფის ინოვაციები’’ ადაპტაციის, ნაწარმის ან ტექნოლოგიის რაფინირების პროცესებთანაა დაკავშირებული და არსებული პროდუქტის, ან საწარმოო სისტემის გაუმჯობესებას იწვევს. რადიკალური ინოვაციები სრულიად ახალი პროდუქტის ან საწარმოო პროცესის დამკვიდრებას განაპირობებს. ინოვაციის წარმატებული დანერგვის კრიტერიუმები ეკონომიკურ ხასიათს ატარებს და ფირმას გარკვეული დანამატით უბრუნებს მის დამუშავებასა და ათვისებაში ჩადებულ ინვესტირებას [2, გვ. 73-74].

პირველად ი. შუმპეტერმა განაცხდა, რომ პატარა ფირმებს (ინდივიდულაურ მეწარმეებს) უნდა წამოეწყოთ ინოვაციური პროცესები, რათა მიეღწიათ გარკვეული წარმატებისთვის. შემდგომში მან დეტალური დაკვირვების შედეგად შეცვალა საკუთარი ხედვა და განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა თუ მსხვილი კომპანიები იზრუნებდნენ ინოვაციური პროცესების სტიმულირებაზე, გამომდინარე იქედან, რომ მათ ამისთვის გააჩნიათ საკამოდ დიდი რესურსები (R&D). შუმპეტერი ყოველთვის დიდი აქცენტს აკეთებდა ინოვაციებზე და გამოყოფდა მის 5 ტიპს:

1. ახალი პროდუქტის წარმოდგენა ან ძველის მახასიათებლების მნიშვნელოვანი ცვლილება;

2. ინოვაციური პრცესები;

3. ახალი ბაზრის ფორმირება;

4. ახალი რესურსების განვითარება;

5. ორგანიზაციული ცვლილებები [11].

მაგალითად, კომპანია Intel-ის წარმატებას მიაწერენ 1972 წელს მის მიერ მიკროპროცესორის გამოგონებას, სანამ Cisco მიაღწევდა მსგავს წარმატებას 1990 წელს ინტერნეტის როუტერის გამოშვებით. პროდუქციის ან მომსახურების სიახლე ნიშნავს, იმას რომ მისი წარმოება უფრო იაფია, მისი კომპონენტები გაუმჯობესებულია და მას გააჩნია ისეთი მახასიათებლები, რომელიც ადრე არ ჰქონდა ან არ არსებობდა ბაზარზე. რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიამ ინოვაციის საშუალებით მიიღოს მოგება.

არსებობს ზოგიერთი მოსზარება, რომ ტექნოლოგიური ინოვაციების თვალსაზრისით ლიდერობს აშშ, შემდეგ მოდის ევროპის და შორეული აღოსავლეთის განვითარებული ქვეყნები, თუმცა, ამ შეხედულების კრტიკოსების აზრით, ბევრი ახალი პროდუქტი შეიქმნა აშშ-ს ფარგლებს გარეთ, იაპონიაში და სწორედ ამ უკანასკნელმა უზრუნველყო ამერიკულ ბიუროკრატიულ ორგანიზაციებში ინოვაციების სტიმულირება [10]. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში გლობალური ინოვაციურობის ინდექსის მიხედვით 2017 წლისთვის აშშ მეოთხე ადგილზეა, ხოლო იაპონია მეთოთხმეტე ადგილს იკავებს (იხ. სქემა 1), 2014 წლიდან დღემდე კი პირველ ადგილს შვეიცარია ინარჩუნებს [6, გვ. 13].

უკანასკნელ პერიოდში, კვლევისა და განვითარების (R&D) მიმართულებით ქვეყნების მიერ დახარჯული თანხები, როგორც არსებული, ასევე საპროგნოზო მაჩვენებლებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება და 115 ქვეყნის მონაცემის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, 3,8%-ით არის გაზრდილი და 2 ტრლნ დოლარს აჭარბებს. 2017 წელს კვლევის და განვითარების მიმართულებით, მთლიანი დანახარჯის გლობალურ მაჩვენებლში აშშ-ს წილი 25,5%-ა, ხოლო იაპონიის მხოლოდ 8,5%, შვეიცარია კი ხარჯავს შედარებით მცირე თანხებს [8, გვ. 3-4]. საინტერესოა ცალკეული ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში კვლევისა და განვითარების ხარჯის პროცენტული მაჩვენებელი (იხ. ცხრილი 1). ამ კუთხით 2006-2015 წლების რეიტინგში ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს ისრაელი, მას მოყვება სამხრეთ კორეა, იაპონია და შვედეთი. როგორც ცხრლიდან ჩანს, ბოლო 10 წლის განმავლობაში მათი R&D-ზე გაწეული მთლიანი შიგა ხარჯის პროცენტული წილი მშპ-ში სტაბილურად იზრდებოდა [16]. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ბიზნეს-კომპანიების კონკურენტუნარიანობაზე გლობალური ჭრილით და სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი მხარდაჭერა მოგებიან ინვესტიციად შეიძლება შეფასდეს, ამიტომ, ინოვაციური პროცესების მართვის როგორც მენეჯმენტის შემადგენილი ნაწილის, თავისებურებების შესწავლა კვლავ წამყავნი კვლევითი ინსტიტუტების ფართო ინტერესის საგანს წარმოადგენს [1, გვ. 162-163].

ქვეყნების რეიტინგი გლობალური ინოვაციურობის ინდექსის მიხედვით (2014-2017 წწ) [6, გვ. 13].

სქემა 1. 

 

ალან აფუა განასხვავებს ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ინოვაციას: ტექნიკური ინოვაცია არის პროდუქტის გაუმჯობესების სერვისის ან პროცესის გაუმჯობესება, ხოლო ადმინისტრაციული კი დაკავშირებულია ორგანიზაციის სტრუქტურისა და ადმინისტრირების სრულყოფის პროცესთან, ამ უკანსკნელს ადგილი აქვს ორგანიზაციულ კომპონენტში და მიზნად ისახავს ორგანიზაციის წევრებისა და მათ ურთიერთობებს, მათ შორის წესებს, როლებს, პროცედურების განახლებას. მეცნიერულ სიახლეთა დანერგვის პროცესს განიხილავს როგორც ეკონომიკურ, ასევე, ორგანიზაციული ჭრილით (იხ. სქემა 3) [3, გვ. 13].

ინოვაციის ორგანიზაციული და ეკონომიკური მნიშვნელობა [3, გვ. 15].

სქემა 2

ადმინისტრაციული, ანუ მართვის თვალსაზრისით ინოვაცია უფრო დეტალურად ნიშნავს სრულიად ახალი გზების ძიებას დაგეგმვის, ორგანიზების, ლიდერობისა და მოტივაციის კუთხით. მენეჯმენტის პროცესში კი ახალმა მიდგომებმა შესაძლოა კომპანიისთვის გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობა შექმნას. ამ დროს ხდება მენეჯმენტის თეორიისა და პარაქტიკისგან განსხვავებული მიდგომების გამოყენება მართვის პროცესში, რაც უფრო ეფექტიანს ხდის ამ პროცესს. ბოლო 100 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული ინოვაცია დიდად აღემატება ბიზნესის სფეროში განხორციელებულ სხვა ტიპის ინოვაციებს. პლასტიკური ბარათების ცნობილმა კომპანიამ Visa წარმატებას სწორედ ადმინისტრაციული ინოვაციით მიაღწია, როდესაც 1970-იან წლებში მისმა დამფუძნებელმა, ამერიკულ ბანკებთან ერთად, მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით კონსორციუმი ჩამოაყალიბა [9]. ტექნიკური ინოვაციის ნათელი მაგალითია Apple, რომელმაც გამოუშვა თავისი ერთ-ერთი ქმნილება Ipad, მეორე დღესვე ინტერნეტში ათასობით ჟურნალი გამოჩნდა, რომელიც მორგებულია მის სისტემაზე, ადამიანები აღარ ტოვებენ ერთი წუთითაც კი თავიანთ პორტატულ ხელსაწყოებს. სტატისტიკის მიხედვით ინტერნეტში მყოფი ადამიანების 95% ხშირად ამოწმებს ელექტრონულ ფოსტას. მობილურებსაც, არა მხოლოდ დასარეკად, არამედ უკვე ინტერნეტ-სერფინგისთვის ყიდულობენ [13].

ტექნოლოგიური რევოლუცია [17]

სქემა 3

მოცემულ შემთხვევაში ინოვაცია გვევლინება, როგორც ახალი ტექნოლოგიების და ბაზრის ცოდნა, რომელიც უზრუნველყოფს ისეთ ახალ პროდუქციას ან მომსახურებას, რასაც მომხმარებლები ისურვებდნენ. ესაა სიახლეს დამატებული კომერციალიზაციის შედეგი, პორტერის მიხედვით კი, რაღაცის კეთების ახალი გზა, რომლის კომერციალიზაციაც ხორციელდება. ეს პროცესი კი ვერ იქნება დამოუკიდებელი კომპანიის სტრატეგიული გეგმებისაგან და ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია ბაზრის ცოდნა, რომელიც წარმოადგენს გასაღების არხების, პროდუქტის მახასიათებლებისა და მომხმარებელთა მოლოდინის საფუძვლიან ცოდნას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახალ, ინოვაციურ პროდუქტს მიეკუთვნება პროდუქცია, რომელიც ღირს უფრო იაფი და, ამასთან ერთად, გაუმჯობესებული ფუნქციური დანიშნულებით.

ინოვაციური წარმოების პროცესის კარგი მაგალითია ცნობილი საავტომობილო კომპანია Ford-ი, რომელმაც მსოფლიოში პირველმა დანერგა მოძრავი საამწყობო ხაზი (კონვეირი), რამაც უზრუნველყო მაღალი კომერციალიზაციის ხარისხი [12].

საინტერესოა კომპანია Whirlpool-ის მიდგომა ინოვაციებისადმი, რომლის მიხედვითაც კრეატიული იდეების უმეტესობა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისგან მოდის და მასში დასაქმებულ 80 000-ზე მეტ მომუშავეს საშულება აქვს პროდუტის განვითარების საკუთარი ინოვაციური ხედვა წარმოადნოს, საბოლოოდ კი ხდება ამ ყველაფრის ფართო მასშტაბიანი კომერციალიზაცია [14].

ზემოთ მოცემული ინფორმაციის განზოგადების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ქვეყნების მხრიდან, მხოლოდ კვლევის და განვითარების მიმართულებით გაწეული დანახარჯების ზრდის ტენდენცია, ხშირ შემთხვევაში, არ განსაზღვრავს მათი ტექნოლოგიური და ინოვაციური პროცესების კომერციულ წარმატებას გლობალური მასშტაბით, აქ ასევე მნიშვნელოვანია თავად კომპანიების მხრიდან ინოვაციური პროცესების, როგორც მენეჯმენტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის სწორი მართვა. აქვე აღასანიშნავია ადმინისტრაციული ინოვაციის დანიშნულება, როგორც გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობის მიღწევის საუკეთესო გზა.

ინოვაციური მენეჯმენტის მოდელები

ინოვაციების მართვის სტატიკური მოდელები - რადიკალური ინოვაცია თანმიმდევრულის წინააღმდეგ. რადიკალურია ინოვაცია, როდესაც ტექნოლოგიური ცოდნა მნიშვნელოვნად იცვლება არსებულთან შედარებით, მას ასევე უწოდებენ ე.წ. ‘’ძველი ცოდნის განადგურებას’’. თანმიმდევრულის შემთხვევაში კი - პროდუქტის განვითარება ხორციელდება არსებული ტექნოლოგიური ცოდნის საფუძველზე.

ინოვაციების მართვის სტატიკურ მოდელებს მიეკუთვნება:

1.   აბერნათი-კლარკის მოდელი

ეს მოდელი (Abernathy W.J., Clark K.B.) გვთავაზობს განმარტებას თუ რატომაა საჭირო ზოგიერთი რადიკალური ტიპის ინოვაცია. მოდელის მიხედვით ფაქტობრივად არსებობს ორი სახის ცოდნა, რომელიც შესაბამება ინოვაციას, ესენია: ტექნოლოგია და ბაზარი. ტექნოლოგიური შესაძლებლობები შეიძლება მოძველდეს, მაგრამ მათი საბაზრო შესძლებლობები დარჩეს უცვლელი.

იმ შემთხვავაში, თუ ასეთი საბაზრო შესაძლებლობები მნიშვნელოვანია და რთული მისი მიღწევა, მოდელის მიხედვით ბაზრის ცოდნა, შეიძლება უფრო პრიორიტეტული გახდეს, ვიდრე ტექნოლოგიური გამოცდილება.

2. ჰენდერსონ-კლარკის მოდელი

ამ მოდელმა (Henderson M., Clark K. B.) საგონებელში ჩააგდო მისი ზოგიერთი მომხმარებელი იმ სირთულეებთან მიმართებით, რომელიც უკავშირდება მზარდ ინოვაციებს - ეს უკანასკნელი კი, როგორც ჩანს, ყოველ წუთს ცვლის არსებულ ტექნოლოგიებს. კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ სანამ პროდუქტი, რომელიც შედგება ცალკეული კომპონენტებისგან მიიღებს სრულყოფილ სახეს, მისი აწყობისას აუცილებელია ორი სახის ცოდნა - კომპონენტების ცოდნა და მათი ერთმანეთთან დაკავშირების უნარები, რასაც ამ მოდელის ავტორები არქიტექტურულ ცოდანას უწოდებენ. მაგალითად, კომპანია Xerox-ი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ასლგადამღები კომპაქტური მოწყობილობის შექმნას, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ტექნიკური მოწყობილობის მწარმოებელ პიონერად სწორედ ის მიიჩნევა.

3. დამანგრეველი ტექნოლოგიური ცვლილებების მოდელი

ეს მოდელი შეიმუშავა პროფესორ კლეიტონ ქრისტერსენმა (Christensen C.),ამ მოდელის გასაგებად წარმოვიდგინოთ ფირმა, რომელიც იწყებს ისეთ ინოვაციურ საქმიანობას და ქმნის პროდქუქციის ახალ ბაზარსა და ქსელს, რაც რადიკალურად ცვლის არსებულ ტექნოლოგიებს, თუმცა, ის საკმაოდ წარმატებულად იყენებდა ძველ ტექნოლოგიასაც. ამისთვის კი ფირმა იყენებს ისეთ აქტივებს, როგორიცა: პროდუქტის დიზაინი, ბრენდი, მომწოდებლებთან ურთიერთობა, მომხმარებლები, დისტრიბუტორები, აღჭურვილობა, ტექნოლოგიები და ფულადი სერვისები. ეს პროცესი კი საბოლოოდ სისტემაა, რომლის მეშვეობითაც ფირმა საკუთარ რესურსებს გარდაქმნის მომხმარებელთათვის უფრო უკეთეს ფასეულობად.

4. იმიტირებადი და ურთიერთშემავსებელი აქტივები: თისის მოდელი

მოცემული მოდელიც (Teece D. J.) ეფუძნება რადიკალურ ინოვაციებს, ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ კომპანია RC Coal, რომელმაც მას შემდეგ დაიწყო დიეტური გამაგრილებელი სასმელის წარმოება, რაც დაინახა, რომ Coca-cola-მ და Pepsi-მ დიდი მოგება მიიღეს მოცემული პროდუქტისაგან. როგორც მოდელის ავტორი ამტკიცებს, ამ შემთხვავაში კომპანიის მოგებას განსაზღვრავს სწორედ ორი ძირითადი ფაქტორი: იმიტირებადი და ურთიერთშემავსებელი აქტივები, რაც საშუალებას აძლევს კომპანებს აწარმოონ მსგავსი პროდუქტი [3, გვ. 14-28].

ინოვაციების მართვის დინამიკური მოდელები. ასეთი მოდელები ხასიათდება დინამიკურობით - ძველი თანდათანობით (ეტაპობრივად) ვითარდება და იცვლება ახლით. ეს გულისხმობს ევოლუციურ მიდგომას, რომელიც კონსოლიდირებულია ეკონომიკური ცვლილებების ევოლუციურ თეორიაში (ნელსონი, 1982) და ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული შესაძლებლობები და გადაწყვეტილებების მიღების წესები, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლება პრობლემებისა და გამოწვევების დაძლევის მიზანმიმართული ძალისხმევით. დინამიკური მიდგომა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ინოვაციათა ძიება, გადაღება, ჩამოყალიბების, კონტექსტუალიზაცია, გამოყენება, შეფასება და მხარდაჭერა [4, გვ.74].

ინოვაციურ მენეჯმენტში განასხვავებენ შედეგ დინამიკურ მოდელებს:

1. ატერბაკ-აბერნათის დინამიკური მოდელი

ავტორების აზრით, დინამიკურ ინოვაციურ პროცესს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ინდუსტრაიში ტექნოლოგიების ევოლუცია მიმდინარე ფაზიდან გადადის გარდამავალ, ხოლო შემდეგ - სპეციფიკური ფაზაში. პირველი ფაზის დროს წარმოიქმნება ბევრი გაურკვევლობა და არასტაბილურობა, ტექნოლოგიების ცვლილებას გააჩნია თვითდინების სტრუქტურა (ფორმა). მეორე ფაზის დროს მწარმოებლებმა უკვე გაცნობიერეს მომხმარებლების მოთხოვნილებები და მოლოდინი, აქ უკვე შემოდის სტანდარტიზაციის კომპონენტები და უფრო მეტი აქცნტი გადადის პროდუქციის დიზაინზე და მესამე ფაზაში პროდუქტის დიზაინი ძირითადად ორიენტირებულია პოლიფერაციაზე.

2.   თუშმან-როსენკოფის ტექნოლოგიური სასიცოცხლო ციკლის მოდელი

ეს მოდელის გამოიყენება ნებისმიერი ახალი პროდუქტის წარმოების ან პროცესის გაუმჯობესების შემთხვევაში და დამოკიდებულია ტექნოლოგიების სასიცოცხლო ციკლზე. ამ შემთხვავაში ძლიერი აქცენტი კეთდება პროდუქციის დიზაინზე. ამის ნათელი მაგალითია ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: სმართფონი, ტაბლეტი, GPS ა.შ. [3, გვ. 33-39].

* * *

საერთაშორსო არენაზე მძაფრი კონკურენციის პირობებში, ინოვაციური პროცესები კიდევ უფრო დიდ მნიშვინელობას იძენს, რადგან ის, ქვეყნებისთვის ახალი ტექნოლოგიების შემცველი პროდუქტი, საერთაშორისო ბაზარზე წარდგენის საშულებით მაღალი ეკონომიკური შედეგების მიღების საშულებაა. შესაბამისად, მოცემული მიმართულებით მათ მიერ გაწეული ხარჯები ყოველწლიურად იზრდება და წამყვანი ქვეყენები სულ უფრო მეტად ცდილობენ ინოვაციური პროცესების ფინანსურ მხარდაჭერას. თავის მხრივ, ინოვატორმა კომანიებმა, თეორიულ მიდგომებზე დაყრდნობით, უნდა განახორცილეონ ინოვაციების მართვის ცვალებად ბიზნეს-გარემოსთან ადაპტირებადი მოდელის შემუშავება, რათა ურზუნველყონ ხელსაყრელი და კონკურენტუნარიანი პირობების შექმნა საკუთარი მიზნების მისარწევად. შერჩეულმა მოდელმა უნდა უზრუნველყოს ორგანიზციის მხრიდან ინოვაციების მართვის სპეციფიკის განსაზღვრა, რაც მათთვის პრაქტკული შედეგების მომტანი იქნება. ამ უკანასკნელისთვის კი კრიტიკულად აუცილებელია: კვლევისა და ინოვაციური საქმიანაობის ექფეტიანდ მართვის უწყვეტობა, შესაბამისი მართვის სტრუქტურის ფორირება, ამ პროცესებში ჩართული პერსონალის კავილიფაკაციისა და კრეატიულობის მაღალი ხარსისხი. გარდა ამისა, კომპანიების გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობის მიღწევისა და შენარჩუნებისთვის, ყველა სხვა ტიპის ინვაციასთან ერთად, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ინოვაციების დანერგვა.

ლიტერატურა:

1. ნიჟარაძე დ., ტექნოლოგიური მენეჯმენტის თავისებურებები გლობალურ გა- რემოში, ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“, 2016, ტომი IX, N4,.

2. სამადაშვილი ა., სამეწარმეო და ტექნოლოგიურ ინოვაციათა მენეჯმენტი, თბ., 2009.

3. Afuah A., Innovation Management: Strategies, Implementation and Profits, Oxford University Press, USA, 2003.

4. Bin A., Salles-Filhoa S., Science, Technology and Innovation Management: Contributions to a Methodological Framework, J. Technol. Manag. Innov., Volume 7, Issue 2, 2012.

5. Carney P., Ryan m., Measuring Firm level Innovation: Review of the Literature & Survey Design, UCD Geary Institute, Dublin, 6th November, 2010.

6. Dutta S., Lanvin S.,Wunsch-Vincent S., The Global Innovation Index 2017, Innovation Feeding the World, Tenth Edition, Cornell University, WIPO, 2017.

7. Gerard H. Gaynor., Doing Innovation: Creating Economic Value, IEEE-USA, 2009.

8. Global R&D Funding Forecast 2017, A Supplement to R&D Magazine, Industrial Research Institute, 2017.

9. Hamel G., The Why, What, and How of Management Innovation, Harvard Business Review, 2006, https://hbr.org

10. Quinn J. B., Managing Innovation: Controlled Chaos, Harvard Business Review, 1985, https://hbr.org

11. Rogers M., The Definition and Measurement of Innovation, Melbourne Institute, Australia, 1998.

12. http://study.com/academy/lesson/process-innovation-types-examples.html

13.http://teqnologiurirevolucia.blogspot.com

14.http://www.huffingtonpost.com/jacob-morgan/five-examples-of-companie_b_7023322. html

15. http://www.huffingtonpost.com/scott-macfarland/why-innovation-management-is- important_b_4174482.html

16. http://www.oecd.org

17. https://mind42.com